მასწავლებლის-ჯილდო

„ყოველ მოსწავლეში არის თავისუფლების მარცვალი, რომლის გაღვივებასაც ვცდილობ და ვეცდები მომავალშიც,რადგან მოსწავლეებს სჭირდებათ თავისუფლების მაგალითის ჩვენება, ისევე როგორც ჩვენ, მასწავლებლებს“ – განაცხადა გიორგი ჭაუჭიძემ, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ 2019 წლის გამარჯვებულმა, საზეიმო ცერემონიაზე, რომელიც 5 ოქტომბერს გაიმართა.

გიორგი ჭაუჭიძე წლებია, მარნეულის N2 საჯარო სკოლაში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს ქართულსა და ისტორიას ასწავლის.

„სულაკაურის გამომცემლობა“ წელს „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს“  შეუერთდა.

30 მასწავლებელი, რომელიც ჯილდოს არსებობის განმავლობაში, სხვადასხვა წელს მოხვდა საუკეთესო ათეულში, „სულაკაურის გამომცემლობის“ საპატიო ავტორი გახდა.

ეს სტატუსი გულისხმობს, რომ ათეულთა კლუბის წევრ მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ, გამომცემლობის სრული (სარედაქციო, ტექნიკური თუ ფინანსური) მხარდაჭერით გამოსცენ საგანმანათლებლო რესურსი – წიგნი, კრებული, სახელმძღვანელო.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო – საქართველო“ არის გლობალური კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიის პოპულარიზაციას, პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.

Tags: