news-მასწავლებლებისთვის

მაისის პირველ კვირას მსოფლიოში მასწავლებლის დაფასების კვირეული აღინიშნება.

მარტის შუა რიცხვებში ჩემს სამსახურში გადაწყდა, რომ დისტანციურ მუშაობაზე გადავდიოდით. იმ მომენტში ვერავინ ვივარაუდებდით,  რამდენ ხანს შეიძლებოდა ეს გაგრძელებულიყო და მითუფრო, არავინ ვიცოდით, რა რეალობა იწყებოდა თითოეული ჩვენგანისთვის.

ჩემი საქმე უშუალოდ უკავშირდება სასკოლო განათლებას. ამავდროულად, მესამეკლასელი ანას დედა ვარ. მას შემდეგ, რაც ახალი ვირუსისგან შეშინებულებმა გავარკვიეთ, რომ მისგან თავის დასაცავად ხელების დაბანისა და სოციალური დისტანცირების წესების მკაცრი დაცვის გარდა, არაფერი შეგვეძლო, ცხოვრება გავაგრძელეთ. ანას უნდა გაეგრძელებინა სწავლა, მე – მუშაობა. ორივეს – დისტანციურად.

დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შესახებ ძალიან მალე დაიწყო ლაპარაკი. ერთ-ერთი პირველი სკეპტიკოსი მე ვიყავი. მიზეზი ის იყო, რომ არ მახსენდებოდა მანამდე სასწავლო პროცესში ციფრული ტექნოლოგიები აქტიურად გამოეყენებინა ჩემს შვილს. გარდა ამისა, ბუნებრივია, საჭირო იქნებოდა სისტემის შექმნა, აწყობა და დანერგვა, რაც, ვფიქრობდი, ძალიან დიდ დროს წაიღებდა.

მაგრამ მოვლენები ჩემდა სასიხარულოდ და ჩემი მოლოდინის საპირისპიროდ განვითარდა. მასწავლებლებმა, იქამდეც კი, სანამ სამინისტრო კონკრეტულ პროექტს შეიმუშავებდა, დაიწყეს ალტერნატიული საშუალებების ძებნა და ინტენსიურად ათვისება.

სწორედ აქ იწყება ამბავი, რომელსაც დღემდე ინტერესით ვადევნებ თვალს. მასწავლებლებისთვის დაიწყო სრულიად ახალი რეალობა. ძიების, აღმოჩენების, ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარების, კოლეგიალობის, ზოგჯერ ბრაზისა და საყვედურის, მაგრამ მაინც პროფესიული ზრდისა და განვითარების ახალი ეტაპი.

ვიდეოინსტრუქციები, ახალი ფეისბუქ-ჯგუფები, სტატიები, ონლაინ ლექცია-ვებინარები, ვიდეოგაკვეთილები, მეთოდური მითითებები – ახალი ინფორმაციის ნაკადი ნებისმიერ საინფორმაციო სააგენტოს შეშურდებოდა. სოციალურ ქსელებში მასწავლებლები თავიანთ მეთოდურ მითითებებს, რესურსებს, წყაროებს დაუზარებლად უზიარებდნენ ერთმანეთს. ბევრჯერ მოსულა შუაღამეს შეტყობინება ფეისბუქზე, რომელიც მამცნობდა, რომ უცნობმა მასწავლებელმა ერთ-ერთ ჯგუფში რაღაც დაპოსტა. შევსულვარ და მინახავს, რომ სულ რაღაც რამდენიმე წუთის წინ დასრულებული ინსტრუქცია ან მეთოდოლოგია აუტვირთავს კოლეგების დასახმარებლად. მასწავლებლები უშიშრად დადგნენ ტელეკამერების წინაშეც და აკანკალებული ხმით ჩაწერეს პირველი ტელეგაკვეთილები. მომეჩვენა, რომ რაღაც ძალიან დიდი მანქანა ამუშავდა, რომელმაც სწავლა-სწავლების პროცესი გაცილებით უფრო აახმაურა, ვიდრე აქამდე იყო.

მარკეტინგული ინტერესებისა და საქმიანობის გარდა, ამ ამბის მეორე მხარეს ვიდექი, როგორც მშობელი. ძალიან მინდოდა, ამ ახმაურებულ მანქანას პირად პრაქტიკაშიც არ გაეცრუებინა იმედი. და აჰა, ერთ დღესაც კლასის დამრიგებლისგან მივიღე ჩემი შვილის მონაცემები, რომლებიც „თიმსში“ უნდა შემეყვანა დასარეგისტრირებლად. მერე იყო სატესტო ვიდეო. აჟიტირებული ბავშვები, მასწავლებლის მშვიდი ხმა და თანმიმდევრული ინსტრუქციები, რომლებიც მოსწავლეებს სამომავლოდ უნდა აეთვისებინათ. როგორც მოსალოდნელი იყო, ბავშვები გაცილებით ადვილად გაერკვნენ ყველაფერში, მაგრამ უფრო აქტიური გახდა მშობლების ე.წ. ჩათი: კითხვები, დაზუსტებები, გადამოწმებები, ვისი შვილი დაესწრო გაკვეთილს, ვინ ვერ ჩაერთო, რატომ ვერ ჩაერთო, ვინ ვის აგდებს გაკვეთილიდან… მოკლედ, ჩვენც ავხმაურდით.

შეცვლილი სასწავლო პროცესი ნელ-ნელა დალაგდა. მასწავლებლებმაც და მოსწავლეებმაც მეტ-ნაკლებად გაითავისეს ამ ფორმატში სწავლა-სწავლებისა და ერთმანეთთან კომუნიკაციის ჩვევები. თავიდან მეგონა, მეჩვენებოდა, მაგრამ მერე მართლაც აღმოვაჩინე, რომ საშინაო დავალებები უფრო საინტერესო, კომპლექსური და მრავალფეროვანი გახდა.ირგვლივ არსებულმა საგნებმა მოსწავლეებისთვის სულ სხვა დატვირთვა შეიძინეს: სახლში დარჩენილმა ბავშვებმა სახლში აღმოჩენილი ნივთებისგან ხელოვნების ნიმუშების შექმნეს, ძველი ფოტოალბომებიდან ახალი ამბები შეთხზეს, ლიტერატურულ პერსონაჟებს გზა-კვალი აუბნიეს და სხვადასხვა ტექსტში ამოგზაურეს, ვირტუალური ტურებით იმ მუზეუმებში შეიხედეს, რომელთა ნახვაც ალბათ წლების შემდეგ ჰქონდათ დაგეგმილი. მოკლედ, ყველაფერი შეცვლილ, მაგრამ მაინც თავის კალაპოტში ჩადგა. სწავლა გაგრძელდა.

ბუნებრივია, არავის აქვს ილუზია, რომ ეს ისაა, რამაც სწავლების ტრადიციული ფორმა სრულყოფილად ჩაანაცვლა. ყველამ ვიცით, სოფლების დიდ ნაწილს არ აქვს ინტერნეტი, იქაურ მოსწავლეებს კი – ციფრული ტექნოლოგიებთან წვდომა, და ზოგჯერ ელემენტარული პირობებიც კი, რომ ამ პროცესში ჩაერთონ. მაგრამ აქამდე თუ მხოლოდგულისამაჩუყებელ სატელევიზო სიუჟეტში შემეძლო მენახა მოსწავლესთან ტელეფონით მოყოლილი და ჩაბარებული გაკვეთილი, ახლა ეს რეალობაა, ზოგიერთი მასწავლებლისთვის კი – ყოველდღიური რეალობა.

კი, მშობლები ზოგჯერ მაინც ვწუწუნებთ. გვჯერა, რომ პანდემია აუცილებლად დასრულდება და ბავშვები კი სათანადო განათლების გარეშე დაგვრჩებიან. ვერც გაგვამტყუნებთ, ალბათ. მაგრამ როცა ვფიქრობ, რომ არა სწავლების ეს ფორმა (თუნდაც ფორსმაჟორულ რეჟიმში და არასრულფასოვნად ათვისებული), რა უნდა გვექნა ჩვენ, მშობლებს, ამაზე პასუხი არ მაქვს. როგორ უნდა დაგვეგეგმა შვილების დღე, კვირა, თვე. როგორ უნდა გაგვეწერა პრიორიტეტები სწავლასა და გართობას შორის, როგორ უნდა მოგვექცია ისინი რეჟიმში, როგორ უნდა მოგვეხერხებინა, რომ განათლების პროცესი ყოფილიყო უწყვეტი. ხომ ყველას გამოგვიცდია და ვიცით, როგორ რთულად გვიჯერებენ ისინი არდადეგებზე. ამიტომ მე მომწონს, როცა ანამ იცის, რომ დღეში ორ გაკვეთილს უნდა დაესწროს, რომ უნდა შეამოწმოს მასწავლებლის მიერ გამოგზავნილი დავალება, გადაანაწილოს ის კონკრეტულ დღეებზე. შეასრულოს საღამოს 8 საათამდე, გადაუღოს კარგი ფოტო, გაუგზავნოს მასწავლებელს. მომწონს, რომ უკვე აითვისა ბევრი ციფრული სიახლე. მომწონს, რომ კლასელებს „ხვდება“ და ზოგჯერ ჩვეულ ოინებსაც არ ივიწყებენ.

ამიტომ, მე მადლობას ვუხდი მასწავლებლებს. კი, გეთანხმებით, ეს მათი საქმეა, მაგრამ მე მათ მადლობას ვუხდი უფრო მეტი გათენებული ღამისთვის, ონლაინ გაკვეთილების ჩატარებისას დაკარგული ხმისთვის, ჩემი და თქვენი შვილების გაგზავნილ თითოეულ მესიჯზე მიღებული პასუხისთვის, და ჩვენს შვილებზე ზრუნვით ამ უცნაური დღეების ერთად გადატანისთვის.

მარიამ ჩუბინიძე

Tags: