გაკვეთილზე მასწავლებელს თვალს რომ არიდებ და გინდა გჯეროდეს, არ გამოგიძახებს, დაახლოებით ასე ვყუჩდებოდით ხოლმე მოსწავლეები საზაფხულო არდადეგების წინ, ბოლო გაკვეთილებზე. უფრო უკეთ ვიქცეოდით, ვიდრე სხვა დანარჩენ დროს, და მტკიცედ გვწამდა, რაც უფრო ნაკლებად მივიქცევდით მასწავლებლის ყურადღებას, უფრო არ გაახსენდებოდა ზაფხულში შესასრულებელი დავალებებისა და „კლასგარეშეს“ მოცემა.
არ იფიქროთ, კლასგარეშე ლიტერატურის წინააღმდეგი ვიყავი. სულაც არა. ეს საქმე მასწავლებლების ჩარევის გარეშეც ძალიან მიყვარდა. პროტესტის გრძნობას დავალების მოცემის ფორმა მიჩენდა, რომელსაც მაშინ არ ვიცი როგორ აღვიქვამდი, მაგრამ ახლა იმ გაცვეთილ და აზრსმოკლებულ ფრაზასავით წარმომიდგება, ყველამ რომ ვიცით და დაახლოებით ასეთი შინაარსი აქვს: ამდენი და იმდენი შედევრი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ… ესა და ისა.
აღარ მახსოვს, რამდენად ჭრიდა უჩინმაჩინობის ჯადო სხვა საგნებზე, მაგრამ ქართულის მასწავლებელს ყოველთვის ვახსოვდით, და ლიტერატურას ვინ ჩივის, გრამატიკის დავალებებს იმ დოზით გვაძლევდა, რომ მერე, ცხადია, თვითონაც ეზარებოდა შემოწმება.
მე კიდევ, ამ მხრივ, ძალიან მოჭარბებული პასუხისმგებლობა მქონდა. ჩემს მშობლებს – ჩემზე მეტი. ჰოდა, მიდევს დღემდე უჯრებში წინადადებების სინტაქსური და სიტყვების მორფოლოგიური გარჩევის მაგალითებით შევსებული სქელი რვეულები, რომლებიც ბავშვობის წართმეულ დღეებს მახსენებს.
რატომ არ ვყრი? ჯერ ერთი, ძალიან ლამაზი ხელწერა მქონდა და არ მემეტება გადასაყრელად. მეორეც, მინდა სულ მახსენებდნენ, რომ თუ ჩემს შვილს ასეთივე უმიზნო დავალებებით დატვირთავენ, მე მაინც დავინდო ის.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ არდადეგებზე ბავშვები უნდა დავასვენოთ და მეცადინეობით არ დავტვირთოთ. მშობლები კი გულის სიღრმეში მაინც სულ ვშფოთავთ, რომ ასე ძალიან ამოვარდებიან რეჟიმიდან. ამიტომ მუდმივად ვეძებთ გამოსავალს, რომელიც ჩვენც დაგვამშვიდებს და, რაც მთავარია, ბავშვების არდადეგებს მხიარულთან ერთად, როგორც გვიყვარს ხოლმე თქმა, ნაყოფიერსაც გახდის.
სასწავლო წელი ჯერ არ დასრულებულა და მასწავლებელსაც ჯერ არაფერი დაუვალებია არდადეგებისთვის. მაგრამ მე მობილიზებას ვაცხადებ. ძებნას „სულაკაურის გამომცემლობით“ ვიწყებ, რომლის მხატვრული ლიტერატურა და სასკოლო სახელმძღვანელოები ჩვენს წიგნის თაროზე დიდ ადგილს აქამდეც დამსახურებულად იკავებს. და შორსაც აღარ მჭირდება წასვლა. ყველა მშობელს დაახლოებით წარმოგვიდგენია, როგორი გვინდა იყოს წიგნი, რომელიც, საუკეთესო შემთხვევაში, ბავშვს თან დააინტერესებს, თან კითხვას შეაყვარებს და თან დამოუკიდებლად მუშაობის უნარს გამოუმუშავებს.
ჩემს შვილს, მაგალითად, ძალიან „აშინებს“ და წინასწარ აზარმაცებს სქელტანიანი წიგნების დამოუკიდებლად წაკითხვის პერსპექტივა. ვიცი, გამონაკლისი არაა. ისიც ვიცი, ბევრ მშობელს ჩემსავით ხან დრო და ხან რომელიმე სხვა რესურსი არ ყოფნის ერთობლივი კითხვისა თუ მეცადინეობისთვის. მოკლედ, ვიცი, მეც და მასაც გვჭირდება წიგნები, რომლებიც არ იქნებიან „სქელები“, მოყვებიან საინტერესო ამბებს, ბავშვებს გააცნობენ მნიშვნელოვან ავტორებს, ჩართავენ ბევრ სახალისო აქტივობაში და ასე თამაშ-თამაშით ასწავლიან.
ვათვალიერებ საიტს, კონკრეტულ სერიებს…
„ისწავლე სახლში“ – მხვდება სახელწოდება. დიდი შანსია, რომ სწორედ ესაა ის, რასაც ვეძებ. ასაკი: 1-4 კლასები. კითხვა გინდა? – არის. წერა გინდა? – ესეც აქაა. მთელი სერიაა ფერადყდიანი ლამაზი წიგნების. ვეცნობი ანოტაციას, რომელიც მამცნობს, რომ სერია დაეხმარება დაწყებითი კლასების მოსწავლეებს მშობლიურ ენაზე გამართულად წერასა და კითხვაში; რომ წიგნებში შესული ნაწყვეტები მაღალმხატვრული საბავშვო ლიტერატურიდანაა; თანდართული დავალებები და წერითი აქტივობები კი ბავშვებს ტექსტის შინაარსის აღქმასა და ნააზრევის სწორად გადმოცემაში დაეხმარება.
ამის შემდეგ ვნახულობ სანიმუშო გვერდებს და… საკმარისია. ისაა. მიუხედავად იმისა, რომ შვილი მეორე კლასშია, ოთხივე კლასის წიგნებს ვყიდულობ. ვეცნობი მათ და ცოტა ხნით მასწავლებლობა მინდება. ვხედავ, როგორ ვუხსნი და ვაკითხებ ტექსტებს, როგორ მივყვებით მოცემულ სავარჯიშოებს და ვასრულებთ ყველაზე საინტერესო დავალებებს. მაგრამ მერე თავს ვითავისუფლებ ფიქრებისგან, და ვბრუნდები რეალობაში, სადაც მე მეორეკლასელი ბიჭის დედა ვარ. მთავარი ხომ ამ ამბავში ისაა. მან თუ არ გაიზიარა ჩემი აღფრთოვანება, არაფერი გამოვა.
არდადეგებს არ ველოდები. წელს ისედაც ყველაფერი არდადეგებს ჰგავს. უბრალოდ ვუყვები, როგორ გავერთე ამ წიგნებით თვითონაც. სახეზე ემჩნევა, რომ დიდი ვერაფერი არგუმენტი – ეს არც ატრაქციონია და არც მისი საყვარელი რომელიღაც სოციალური ქსელი. ამიტომ ერთად ვიწყებთ კითხვას. ვუხსნი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმაზე დაფიქრება, თუ რა გაიგო იქიდან, რაც წაიკითხა; რამ დააინტერესა, რა იგრძნო და რა ისწავლა. ვეუბნები, რომ ზუსტად ამის გასაგებად მოჰყვება ტექსტებს დავალებები. კიდევ ისაა მნიშვნელოვანი, რაც წაიკითხა და ისწავლა, როგორ შეიძლება გამოიყენოს ცხოვრებაში, სახლში, მეგობრებთან, სკოლაში… ამისთვისაც წიგნში შესანიშნავი დავალებებია. ნელ-ნელა ინტერესდება. ვგრძნობ.
თავს ვერ დავდებ, რომ როცა სოფლად წავა და გვერდით არ ვეყოლები, თვითონ მოუნდება ამ ყველაფრის დაწყება, მაგრამ თუ დაწყებაში დავეხმარები, ვიცი, მერე დამოუკიდებლად ყველაფერს შეძლებს. ეს წიგნები ხომ ასეა „მოწყობილი“.
ცოტა ხანში თვითონ უკეთესი იდეით გამოდის: მეზობლის ბავშვებთან ერთად „სკოლობანას“ ითამაშებს ამ წიგნებით. წააკითხებს, დავალებებსაც მისცემს, გამოაწერინებს, დააწერინებს და შეუმოწმებს კიდეც.
მგონი საკმარისია. ზაფხულში ფორმიდან ამოვარდნის საფრთხე აღარ არის. სიზარმაცეშიც ვერავინ დასდებს ბრალს, როცა სასწავლო წლის დასაწყისში ამ ლამაზ, ბოლომდე წაკითხულ და შევსებულ წიგნ-რვეულებს წარადგენს კლასში.
ნინო ნაფეტვარიძე – მშობელი