ქართული ენა 7

მოსწავლის წიგნი

10,50 . 12 თვე, 1 გადახდა

ავტორები: თ. ქიტოშვილი, ე. ნიჟარაძე, მ. მენაბდე

წიგნის გადახედვა
Compare

აღწერა

ქართული ენა 7 მოსწავლის წიგნი მისდევს კონსტრუქტივისტულ მიდგომას, ითვალისწინებს მოსწავლეთა წინარე ცოდნას და მისი გააქტიურების შედეგად გადადის ახალ მასალაზე.

გარდა მიმდინარე პრაქტიკული სავარჯიშოების ვრცელი ბლოკისა, თითოეულ თავს ახლავს ჯგუფური დავალება და შემაჯამებელი ტესტი.

თითოეული პარაგრაფი 3 ნაწილისაგან შედგება:

I ნაწილი

ამოწმებს მოსწავლეთა წინარე ცოდნას და ამავე დროს, მოსწავლეებს უქმნის განწყობას კონკრეტულ მასალაზე სამუშაოდ.

სასურველია, დავალება მოსწავლეებმა ჯგუფურად ან წყვილებში შეასრულონ. ასევე კარგი იქნება, თუ წიგნში მოცემულ მასალას მასწავლებელი მოსწავლეებს გაკვეთილზე გადასცემს ბარათების სახით, რომლებზეც მოსწავლეები იმუშავებენ.

ამ დავალების მიზანი და მასწავლებლის მოლოდინი არ არის, ყველა ჯგუფმა სწორად შეასრულოს დავალება. მაგალითად, მოსწავლეებს ევალებათ გარკვეული მასალის დაჯგუფება, ამა თუ იმ სიტყვის გარკვეულ ფორმაში ჩასმა, სწორი და არასწორი ვარიანტების შერჩევა და ა. შ.

მოსალოდნელია, რომ მოსწავლეები სხვადასხვაგვარად შეასრულებენ დავალებებს, არ ეცოდინებათ სწორი ფორმა, ან ზუსტად ვერ ახსნიან, რატომ მიიჩნიეს ესა თუ ის ფორმა სწორად.

მაგრამ ამჯერად მასწავლებლის მიზანია, ყველამ გამოთქვას თავისი ვარაუდი, თუნდაც მცდარი, და ინტერესით შეუდგეს სწორი პასუხის გარკვევას.

კარგი იქნება, თუ მასწავლებელი სწორ ვარიანტს არ გააჟღერებს პირველ დავალებაზე მუშაობის დასრულებისთანავე და მოსწავლეებს მოუწოდებს, განაგრძონ მუშაობა და გაკვეთილის ბოლოსთვის დაასახელონ სწორი პასუხი.

პასუხთან ერთად კი მნიშვნელოვანია ახსნა, გაცნობიერება, თუ რატომ მიიჩნევა ეს თუ ის გადაწყვეტილება სწორად.

II ნაწილი

მოიცავს თეორიულ მასალას და ყველა პარაგრაფში დავალების პირობა ასეთია: წაიკითხე ქვემოთ მოცემული ტექსტი და შეასრულე დავალებები.

აქ თეორიულ მასალას ახლავს დახურული კითხვები, რომლებიდანაც მოსწავლეებმა უნდა შეარჩიონ სწორი ვარიანტი.

კითხვები იმგვარადაა დასმული, რომ მოსწავლეს კიდევ ერთხელ აბრუნებს პარაგრაფის საკვანძო საკითხებთან. სავარაუდო პასუხები შინაარსობრივად, ძირითადად, ახლოს არის ერთმანეთთან და მოსწავლისგან მოითხოვს დაკვირვებასა და ტექსტის დეტალურად გააზრების უნარს.

კარგი იქნება, თუ მასწავლებელი თითოეული დახურული შეკითხვის შემთხვევაში მოსწავლისგან მოითხოვს პასუხის ასხნასა და დასაბუთებას მაგალითების მეშვეობით.

III ნაწილი

მოიცავს სავარჯიშოებსა და დავალებებს პარაგრაფში მოცემული კონკრეტული მასალის ირგვლივ. ამ ნაწილის სათაურია: შეასრულეთ დავალებები.

მოცემული სავარჯიშოებისა და პრაქტიკული დავალებების მეშვეობით მოსწავლეებმა უკეთ უნდა გაიაზრონ თეორიული საკითხი.

მართალია, სახელმძღვანელოში თეორიული მასალა წინ უძღვის პრაქტიკულ სავარჯიშოებს, მაგრამ მასწავლებელს შეუძლია კლასს მუშაობა დააწყებინოს რომელიმე პრაქტიკული სავარჯიშოთი.

სთხოვოს მოსწავლეებს, დავალების შესრულების შემდეგ თვითონ ჩამოაყალიბონ კონკრეტული წესი და მხოლოდ ამის შემდეგ მეორე ნაწილში მოცემულ მასალაში გადაამოწმებინოს თავისი ვარაუდი.

პარაგრაფში მოცემული დავალებები შესაძლებელია მოსწავლეებმა შეასრულონ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად ან წყვილებში.

ბეჭდური ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

დამატებითი ინფორმაცია

კლასი

VII კლასი

საგნები

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…